
ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის შესაძლოა მოულოდნელი აღმოჩნდეს, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი მამარდაშვილი და ზურიკო დავითაშვილი ერთ დროს ისეთივე პერსპექტიული თანაგუნდელის გვერდით თამაშობდნენ, როგორიც გოგა ლურსმანაშვილი იყო – ხაშურელი ნახევარმცველი, რომელიც მათ თაობას მიეკუთვნებოდა და არანაკლებ ბრწყინვალე პოტენციალი გააჩნდა.
გოგა 1999 წელს დაიბადა. მისი საფეხბურთო გზა თბილისის „დინამოს“ აკადემიაში დაიწყო, სადაც წლების განმავლობაში ერწყმოდა იმავე ასაკის ტალანტებს – ჩაკვეტაძეს, კვარაცხელიას, მამარდაშვილს. კარიერა თბილისის „ლოკომოტივის“ დუბლებში და „შევარდენის“ 19-წლამდელთა გუნდში გააგრძელა. ასევე, თამაშობდა საქართველოს ასაკობრივ ნაკრებშიც.
სამწუხაროდ, სხვადასხვა მიზეზის გამო, ლურსმანაშვილმა დიდი ფეხბურთიდან დროზე ადრე უკან დახევა გადაწყვიტა. თუმცა ის, ვინც მას თამაშისას ხედავდა, კარგად ახსოვს – ტექნიკური, მებრძოლი, ხასიათიანი და მოედანზე მუდამ თვალში საცემი.
2022 წელს, გოგა მშობლიურ ქალაქში – ხაშურის „ივერიას“ რიგებში ერთ-ერთი ლიდერი გახდა — გუნდისთვის არაერთი მნიშვნელოვანი მატჩი ითამაშა და გულშემატკივარს საკუთარ შესაძლებლობებში კვლავ დაარწმუნა. მან ამ სეზონის შემდეგ ფეხბურთს საბოლოდ დაანება თავი.
არ გამოვრიცხავთ, რომ სხვა გარემო პირობებში დღეს გოგა ლურსმანაშვილი საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ყოფილიყო.