
2024 წელი ხაშურის „ივერიას“ გულშემატკივრებისთვის დასამახსოვრებელი გამოდგა – გუნდი მეოთხე ლიგაში გადავიდა.
გუნდის მაისურით ნიკა ხარაიშვილმა რეგიონის ლიგის ბ ჯგუფში 33 გოლი გაიტანა და ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. თუმცა ბევრმა შესაძლოა არ იცოდეს, როგორ შედგა ახალგაზრდა თავდამსხმელის ტრანსფერი ხაშურში.
ყველაფერი იმ დროიდან იწყება, როცა 2024 წელს გიორგი ლაცაბიძე „ივერიაში“ დაბრუნდა. როგორც აღმოჩნდა, კლუბს ახალი ფეხბურთელები სჭირდებოდა და ლაცაბიძე ამ მიმართულებით აქტიურად ჩაერთო. თავდაპირველად ის დაუკავშირდა გიორგი ვაზაგაშვილს, რომელსაც გუნდში გადმოსვლა შესთავაზა, თუმცა იმ დროისთვის ვაზაგაშვილს ფეხბურთისთვის თავი ახალი დანებებული ჰქონდა და კარიერის გაგრძელება აღარ სურდა.
ლაცაბიძე გუნდისთვის ფორვარდსაც ეძებდა. სწორედ ამ დროს ურჩია ვაზაგაშვილმა მას ნიკა ხარაიშვილის კანდიდატურა. ვაზაგაშვილი და ხარაიშვილი ტყიბულის „მეშახტეში“ გუნდელები იყვნენ, ხოლო ვაზაგაშვილი და ლაცაბიძე წარსულში „ვიტ ჯორჯიას“ შემადგენლობაში თამაშობდნენ. ლაცაბიძემ დაუკავშირდა ხარაიშვილს და მოლაპარაკებების შემდეგ ტრანსფერი ოფიციალურად შედგა.
21 წლის თავდამსხმელმა კარიერის განმავლობაში საჩხერის „ჩიხურაში“ და ტყიბულის „მეშახტეში“ ითამაშა. „ივერიაში“ კი მან ერთ სეზონში მართლაც შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა და გუნდის შეტევის ლიდერი გახდა.
გიორგი ლაცაბიძე მხოლოდ მოთამაშის როლით არ შემოიფარგლებოდა – მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გუნდის გაძლიერებაში და ისეთი ფეხბურთელების მოყვანაში, როგორიც ნიკა ხარაიშვილია.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად ხარაიშვილი და ლაცაბიძე “ივერიაში” აღარ თამაშობენ.