
არსებობს ისტორიები, რომლებიც განსაკუთრებულად გამოყოფს ადამიანების შემართებას და ძალისხმევას. დღეს წარმოგიდგენთ 18 წლის მებრძოლის ამბავს – ახალგაზრდის, რომელმაც არა მხოლოდ საკუთარ სპორტულ კარიერაზე იზრუნა, არამედ სხვისი წარმატებისთვისაც დაიწყო ბრძოლა.
დარბაზი ნულიდან, რთული პირობები, მოტივაცია და თანამოაზრეების მხარდაჭერა. ეს ყველაფერი გახდა საფუძველი იმ გზისა, რომელსაც ის დღეს გადის, მის გვერდით კი ხაშურელი და მცხეთიჯვრელი ახალგაზრდები დგანან.
მოდით, თავად მოვუსმინოთ ამ შთამაგონებელ ამბავს, მიზანდასახულობის, ერთგულების და სუფთა გულით დაწყებული საქმის შესახებ.
– როგორ დაიწყო შენი სპორტული გზა?
– მე ვარ 18 წლის მებრძოლი ხაშურიდან. მწვრთნელის გზა 16 წლიდან დავიწყე, როცა კრივის და კიკბოქსინგის დარბაზის გასახსნელად მოვახერხე ჩემი პირველი ნაბიჯების გადადგმა. მიუხედავად იმისა, რომ არანაირი პირობები არ გვქონდა, მე და ჩემს მოსწავლეებს1 წლის განმავლობაში ვარჯიშობდით დანგრეულ დარბაზში.
– ვინ იყო პირველი, ვინც მხარში დაგიდგა ამ გზაზე?
პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო კიკბოქსინგისა და ტაიბოქსინგის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს, ბატონ ლაშა ჭურაძეს. მისი მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ასევე, დიდი წვლილი შეიტანა ჯარჯი ნონაშვილმა, რომელმაც დამიკავშირდა, შევხვდით, ჩავწერეთ ვიდეო და ამის შემდეგ ბევრი ადამიანის დახმარება მივიღეთ.
– როგორი იყო დარბაზის შექმნის პროცესი?
დარბაზის მდგომარეობა თავიდან მძიმე იყო. ყველა სამუშაო ჩვენით დავიწყეთ – მე, მამაჩემმა და ჩემმა მეგობრებმა. შევძელით, რომ ეტაპობრივად შეგვეკეთებინა დარბაზი. დაახლოებით 12,000 ლარი დავხარჯეთ. დღეს უკვე ყველა საჭირო პირობა გვაქვს იმისთვის, რომ ხაშურში ჩემპიონები აღვზარდოთ.
– ვის გადაუხდიდი მადლობას მხარდაჭერისთვის?
მადლობას ვუხდი უამრავ ადამიანს, ვინც დარბაზის მშენებლობისთვის საჭირო თანხებში დამეხმარა.
განსაკუთრებული მადლობა:
ბატონ გურამ რაზმაძეს
ლადო გოგოლაძეს
ზვიად ტეფნაძეს
მურთაზ შუბითიძეს
რევაზ კოშკაძეს
ხაშურის მუნიციპალიტეტს
– როგორია შენი და შენი გუნდის ამჟამინდელი მიზნები?
მე და დავით კინწურაშვილი ვამზადებთ მოსწავლეებს MMA-ს, კიკბოქსინგისა და კრივის მიმართულებით. ჩვენი მიზანია, რომ ხაშურს გავუზარდოთ ღირსეული ჩემპიონები.
– ბოლოს რას ეტყოდი მათ, ვინც შესაძლოა ახლა იწყებს ამ გზაზე სვლას?
ყველას მინდა ვუთხრა, თუ გიყვარს საქმე, რომელსაც აკეთებ, არაფერი შეგაჩერებს. არ აქვს მნიშვნელობა, როგორი პირობებიდან დაიწყებ , თუ შრომობ, აუცილებლად მიაღწევ მიზანს. მადლობა ყველას, ვინც გვერდში დამიდგა, განსაკუთრებით ხაშურელებს და ჩემ მცხეთიჯვრელებს სიტყვიერი მხარდაჭერისთვის.
ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გიორგი მანჩაკოვს – “ტვ ივერიის” დამფუძნებელს, რომელიც ცდილობს, რომ ხაშურელი სპორტსმენები მთელ საქართველოს გააცნოს.