
ხაშურის ივერიას ყოფილი მთავარი მწვრთნელი ვასილ კობერიძე იუთუბ გადაცემა „ივერია+“-თან საუბარში ყურადღება იმ აუცილებლობებზე გაამახვილა, რაც კლუბის პროფესიულ საფეხბურთო ლიგაში გადასვლის გზაზე დგას.
მისი თქმით, კლუბმა აუცილებლად უნდა გაიაროს გარდაქმნის პროცესი და ივერია, როგორც დამოუკიდებელი, იურიდიულად დარეგისტრირებული საფეხბურთო კლუბი, მუნიციპალიტეტმა უნდა გააკომერციულოს შესაბამისი ფორმით — სრულად ან ნაწილობრივ.
კობერიძის ვრცელი კომენტარი:
“ივერია უნდა გარდაიქმნას საფეხბურთო კლუბად. მუნიციპალიტეტმა აუქციონის სახით უნდა შეძლოს ნახევრად კომერციული, წილობრივად კომერციული ან მთლიანად კომერციული გახადოს საფეხბურთო კლუბი.
პროექტის სახე უნდა მიეცეს იმას რაც გუნდს აქვს, გულისხმობს ეს ინფრასტრუქტურას, საქმიანობას, თავის დაფინანსებას, იურიდიულ ბაზას, რასაც ფეხბურთის ფედერაცია ქმნის.
ამ ყველაფრით უნდა ელაპარაკოს გუნდი ინვესტორს. ამას უნდა ჰქონდეს პრეზენტაციის სახე, საინფორმაციო მხარდაჭერა, უნდა გავრცედლდეს შესაბამის ადამიანებთან, რომ გუნდი კომერციულად მზადაა სათანამშრომლოდ.
ივერია ჯერ კლუბი არაა და კლუბი ვერ გახდება ხაშურის სასპორტო სკოლის ბაზაზე. ზუსტად კლუბი რომ გახდეს, ამისთვის არის საჭირო ეს ღონისძიებები.
ამის შემდეგ, როდესაც ივერია გახდება დამოუკიდებელი კლუბი, უკვე შესაძლებელი იქნება განვითარებაზე ფიქრი. თუ ივერია კლუბად არ გადაკეთდა, მესამე ლიგაში არ დაგვიშვებენ — მესამე უკვე პროფესიული ლიგაა, მეოთხე კი ნახევრად პროფესიული. შესაბამისად, კლუბს ლიცენზირება დასჭირდება, რაც ძალიან შრომატევადია და მრავმხრივ სამუშაოა, გულისხმობს მრავალ საშტატო ერთეულსაც, რაც კლუბისთვის აუცილებელია.
საქმე იმაშია, რომ გადასვლის შემთხვევაში ასეთ საკითხებზე წინასწარ თუ არ იფიქრე და არ მოამზადე, შეუძლებელია — დროც არ გექნება, გადახვალ მესამე ლიგაში და შეიძლება არ დაგიშვან. ამიტომ ეს საკითხები უკვე დაგვვიანებულია, მაგრამ ჯერ კიდევ არის დრო.”
ვასილ კობერიძის თქმით, თუ ივერია მეოთხედან მესამე ლიგაში გადავიდა და დროულად არ გაივლის რეორგანიზაციას, გუნდი შესაძლოა, ლიცენზირების პროცესში ჩავარდეს და ფეხბურთის ფედერაციამ პროფესიულ ლიგაში მონაწილეობაზე უარი უთხრას.