
1999 წელს ფოთის „კოლხეთი“ საქართველოს წარმოადგენდა უეფას ინტერტოტოს თასზე. ეს იყო ზაფხულის ევროპული ტურნირი, სადაც მონაწილეობდნენ გუნდები, რომლებმაც ვერ გადალახეს ჩემპიონთა ლიგის ან უეფას თასის საკვალიფიკაციო ბარიერები.
აღსანიშნავია, რომ იმ განაცხადში, ევროპის ტურნირზე საქართველოს სახელით მოთამაშე გუნდში, 7-ნომრიანი მაისურით მოედანზე იყო ხაშურელი ფეხბურთელი – გიორგი ჩადუნელი.
ჩადუნელი 90-იანების ქართველი ფეხბურთელების თაობას ეკუთვნის და ბევრისთვის ივერიის იმდროინდელი ერთ-ერთი გამორჩეული სახეა. ის არაერთ მატჩში გამორჩეული იყო საოცარი ტექნიკით და მოედნის ხედვით.
მის შესახებ ერთი ერთგული გულშემატკივარი, ლადო გოგოლაძე იხსენებს:
“1994 წელს უმაღლესი ლიგის მეხუთე ტურში, რუსთავის „მეტალურგთან“ პირველ ტაიმში ჩადუნელმა გაიტანა საოცარი გოლი – კუთხურის ხაზიდან მოჭრილი დარტყმით. იშვიათად მინახავს ასეთი ლამაზი გოლი და სამწუხაროა, რომ ამ გოლის ვიდეო არ არსებობს. ის თამაში ხაშურის „ივერიამ“ 2:0 მოიგო”.