
ხაშურში ქალთა ფეხბურთი ერთ დროს გამორჩეულად ძლიერად იყო წარმოდგენილი, რაშიც განსაკუთრებული წვლილი ლეგენდარულ მწვრთნელს, თემურ კობერიძეს მიუძღოდა. მისი გარდაცვალების შემდეგ, „ივერიას“ ქალთა გუნდი იმ ფორმით ვეღარ ფუნქციონირებს, როგორც წარსულში – არადა, თაობები ელიან შანსს, რომ საკუთარი ქალაქისთვის ითამაშონ.
მნიშვნელოვანია, რომ ხაშურში ქალთა ფეხბურთს მეტი ყურადღება დაეთმოს – ამ პროცესში კი ადგილობრივი საზოგადოება, სკოლები და მუნიციპალიტეტი ერთიან ძალად უნდა ჩაერთონ.
პირველ რიგში, აუცილებელია, ქალთა ფეხბურთის პოპულარიზაცია სკოლებიდან დაიწყოს – ჩატარდეს სკოლის ტურნირები, შეირჩნენ გამორჩეული გოგონები და გადაინაცვლონ “ივერიას” სისტემაში.
წლიდან წლამდე რეგულარულად უნდა გამოცხადდეს სინჯვები ქალთა გუნდში, რათა დაინტერესებულმა გოგონებმა მიიღონ შანსი, პროფესიული გარემოს ნაწილი გახდნენ.
უნდა ტარდებოდეს საინფორმაციო შეხვედრები სკოლებში, სადაც გოგონებს მიეწოდებათ ინფორმაცია ფეხბურთზე, როგორც სპორტზე, რომელსაც მომავალიც აქვს და შანსებიც.
ქალთა ფეხბურთის პოპულარიზაცია და პროპაგანდა – ეს საკითხი ყველა ჩვენგანზეა, მათ შორის მედიაზეც. დღეს ხაშურში არიან ადამიანები, რომლებიც გულით უჭერენ მხარს ქალთა ფეხბურთს – მაგალითად, აკო გელაშვილი და ირმა ლომიძე, თუმცა მათი ძალისხმევა საზოგადოების და ადგილობრივი ხელისუფლების აქტიური მხარდაჭერის გარეშე საკმარისი არ იქნება.
ხაშურს აქვს პოტენციალი, ქალთა ფეხბურთშიც იგივე საფეხბურთო ატმოსფერო შექმნას, რაც დღეს ვაჟთა გუნდს ახლავს, უბრალოდ, ეს თავისით არ მოხდება, ამას სჭირდება მონდომება, ერთიანობა და მიზანმიმართული მოქმედება.