
21 წლის აკო გელაშვილი უკვე წელიწადზე მეტია, რაც ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში ბავშვთა საფეხბურთო გუნდის მწვრთნელად მუშაობს. ახალგაზრდა მწვრთნელი ამჟამად 30-40-მდე მოზარდს ავარჯიშებს, თუმცა ამბობს, რომ ეს რიცხვი პერიოდულად იცვლება.
„მაქსიმალურად ვცდილობ, მუხტი არ დავაგდო. სამწუხაროდ, სოფელში ნაკლებად არის შესაძლებლობა, რომ ერთი ასაკის ბავშვები შეკრიბო, ამიტომ ძირითადად შერეული ასაკის ბავშვებს ვავარჯიშებ. არასდროს მითქვამს უარი, რომ გოგონებსაც ევარჯიშათ. პირიქით, ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი ბავშვი ჩავრთო ფეხბურთში. მე ჩემი სოფლის აკადემიას ძალიან სერიოზულად ვუყურებ და კარგი გეგმები მაქვს“, – ამბობს გელაშვილი.
აკოს ფეხბურთთან მხოლოდ მწვრთნელობა არ აკავშირებს. ის უკვე კარგად ცნობილია, როგორც ემოციური და ენერგიული სტადიონის დიქტორი — თავდაპირველად ხაშურის „ივერიას“ საშინაო თამაშებზე აცხადებდა, ამჟამად კი საფეხბურთო კლუბ „ორბის“ დიქტორია. მისი ხმა განსაკუთრებით ემოციურად ისმის გოლებზე, რაც არაერთ გულშემატკივარს დაამახსოვრდა. პოპულარულმა გამოცემა Geo Team-მა აკოს სტილი „ნაპოლის“ ცნობილი დიქტორის, დეციბელის მანერასაც შეადარა, როცა ხაშურში „ივერიას“ ერთ-ერთ თამაშს ესწრებოდა.
გარდა ამისა, აკო თემურ კობერიძის დროიდან მოყოლებული ენთუზიაზმით ასრულებს ხაშურის „ივერიას“ ქალთა გუნდის მეკარეების მწვრთნელისა და ადმინისტრატორის ფუნქციებს – მხოლოდ იმ სიყვარულის გამო, რაც მას ამ გუნდთან აკავშირებს.
ფეხბურთის პარალელურად, გელაშვილი აქტიურადაა ჩართული თეატრალურ ცხოვრებაში – ის ხაშურის ახალგაზრდული თეატრის მსახიობია და ასევე შესანიშნავად მღერის. ერთ-ერთი შემოქმედებითი პროექტი, სადაც მას მონაწილეობა მიუღია, იყო “ტვ ივერიას” იუმორისტული სერიალი „ლეგენდის თანახმად“, რომელიც ხაშურის მაყურებელზე იყო გათვლილი.
აკო გელაშვილი არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ერთმა ახალგაზრდა ადამიანმა მრავალმხრივი ინტერესებითა და ენთუზიაზმით მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს როგორც სპორტში, ასევე კულტურულ ცხოვრებაში – და ყველაფერი ეს ხაშურისთვის.
და სწორედ ამიტომ, აუცილებელია, რომ ასეთი ახალგაზრდები სათანადოდ დაფასდნენ. აკოსნაირი თვითდამკვიდრებული, გულწრფელად მომუშავე ადამიანები იმსახურებენ როგორც დაფასებას, ისე მხარდაჭერას. მისი ენერგია, შრომისმოყვარეობა და გულწრფელი სიყვარული საკუთარი ქალაქის მიმართ ნათლად აჩვენებს, თუ როგორ შენდება რეგიონი შიგნიდან – ერთგული ადამიანების ძალით.