
ქალები ქართულ ფეხბურთში სულ უფრო აქტიურად ერთვებიან და ერთ-ერთი გამორჩეული მაგალითი სწორედ ლალი ვაშაკიძეა, რომელიც ახლად დაარსებული საფეხბურთო კლუბის, „ჭილოვანის“ სპორტული დირექტორია.
ლალი ვაშაკიძე ფეხბურთისადმი სიყვარულით უკვე წლებია გამოირჩევა – განსაკუთრებული ინიციატივით 2024 წელს თბილისში საკუთარი სამოყვარულო ჩემპიონატი წამოიწყო, სადაც მონაწილეობა არაერთმა გუნდმა მიიღო. რამდენიმე წლის წინ კი საქართველოს ფან-კლუბების ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრების ფან-კლუბის გუნდით ჩემპიონობა მოიპოვა.
დღეს ლალი უკვე პროფესიულ დონეზე მუშაობს და სრულად ჩართულია „ჭილოვანის“ განვითარებაში. კლუბი მიმდინარე სეზონში რეგიონულ ლიგაში სადებიუტო სეზონს ატარებს და ამ ეტაპზე 14 გუნდიან ჩემპიონატში 11 ქულით მეცხრე პოზიციას იკავებს – დამწყები გუნდისთვის ეს შედეგი პერსპექტიულად ითვლება.
ეს არის ისტორია ხაშურელი ქალისა, რომელმაც გზა სამოყვარულო ჩემპიონატიდან პროფესიულ საფეხბურთო მენეჯმენტამდე წარმატებით გაიარა.