
ვლადიმერ ხაჩიძე – ადამიანი, რომელმაც მწვრთნელობის კარიერა ჯერ კიდევ საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატის პერიოდში დაიწყო და დღემდე აქტიურად მონაწილეობს ქართულ საფეხბურთო ცხოვრებაში. დღეს ის 74 წლისაა, თუმცა მისი გამოცდილება და გავლენა ფეხბურთზე კვლავაც თვალსაჩინოა.
ხაჩიძემ მწვრთნელობა მშობლიური გუნდის, ხაშურის „ივერიის“ თავკაცობით დაიწყო. მას შემდეგ არაერთი გუნდი გაუწვრთნია: „ბორჯომი“, „გაგრა“, ცხინვალის „სპარტაკი“, „ვიტ ჯორჯია“, „რუსთავი”. ერთი პერიოდი გერმანიაშიც იმუშავა, თუმცა საქართველოში მისი კვალი ბევრად ღრმა და მრავალმხრივია.
ხაჩიძის კარიერაში არაერთი გამორჩეული მომენტი გვახსოვს. მაგალითად, მაშინ, როცა ბორჯომს წვრთნიდა და გუნდი ევროპულ ტურნირებზე გასვლასთან ძალიან ახლოს იყო. იმ სეზონში არგენტინელი ლეგიონერები გონსალო დე პორასი და დარიო სებალე ჰყავდა – განსაკუთრებით დე პორასი გამოირჩეოდა შთამბეჭდავი თამაშით.
მისი სახელი მჭიდროდ უკავშირდება „გაგრასაც“ – სწორედ მისი ხელმძღვანელობით შეძლო გუნდმა, უმაღლეს ლიგაში გადასვლის შემდეგ, პირველივე ტურში თბილისის „დინამოს“ დამარცხება. ის შეხვედრა „ამერის“ სტადიონზე გაიმართა და „დინამოს“ მაშინ ცნობილი გერმანელი სპეციალისტი რაინერ ცობელი წვრთნიდა.
„ვიტ ჯორჯიას“ რიგებში ხაჩიძის მუშაობა განსაკუთრებით შედეგიანი იყო – მისი თავკაცობით გუნდს არაერთხელ დაუმარცხებია თბილისური გრანდი, „დინამო“. ეს იყო იმ დროინდელი ძლიერი, ამბიციური „ვიტ ჯორჯია“.
ვლადიმერ ხაჩიძე (ილიჩი) ქართულ ფეხბურთში ნამდვილი ფიგურაა. მწვრთნელი, რომელმაც გუნდებისგან ბევრჯერ შექმნა მებრძოლი კოლექტივი და თავისი გამორჩეული ხასიათით, პირდაპირობითა და ფეხბურთის სიყვარულით ათწლეულებია ღირსეულად ემსახურება ამ სპორტს.