
30 წლის ხაშურელი ფეხბურთელი, გიორგი ლაცაბიძე, შესანიშნავ ფორმაში იმყოფება და თავის გუნდში ერთ-ერთი გამორჩეულია. მესამე ლიგაში მოასპარეზე სართიჭალის „შტურმის“ მარცხენა მცველმა მიმდინარე სეზონში უკვე 13 მატჩი ჩაატარა, სადაც 4 გოლის გატანა და 4 საგოლე გადაცემა მოახერხა – შესანიშნავი მაჩვენებელი ამპლუიდან გამომდინარე.
ლაცაბიძე გულშემატკივარს ხშირად ახსენდება თავისი უნივერსალურობით – წარსულში ხაშურის “ივერიაში” ის ყოველთვის იქ იდგა, სადაც გუნდს სჭირდებოდა, თუმცა ბუნებრივად მარცხენა მცველია. ბევრი მიიჩნევს, რომ ნახევარდაცვაში კიდევ უფრო შედეგიანი იქნებოდა.
სეზონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი გიორგი ლაცაბიძის გოლი იყო ხობის „კოლხეთთან“. სწორედ მისმა ზუსტმა დარტყმამ მოაპოვებინა “შტურმს” მნიშვნელოვანი 3 ქულა გასვლით შეხვედრაში.
გუშინდელ ტურში კი ლაცაბიძემ თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა – დუბლი შეასრულა „ბორჯომის“ წინააღმდეგ, რითაც დაამტკიცა, რომ ბრწყინვალე ფორმაშია.
ამ დროისთვის სართიჭალის „შტურმი“ მესამე ლიგის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა 32 ქულით და გიორგი ლაცაბიძეს ამ წარმატებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის.