
ხაშურის „ივერია“ საქართველოს საფეხბურთო რუკაზე ყოველთვის განსაკუთრებული ადგილს იკავებდა – კლუბმა, რომელმაც არაერთი ნიჭიერი ფეხბურთელი აღზარდა და მრავალი ისტორიული მატჩი ჩაატარა.
ერთ-ერთი ასეთი თამაში1990 წლის 12 ნოემბერს გაიმართა – ეროვნული ჩემპიონატის პირველ სეზონში, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე ხაშურის „ივერია“ თბილისის „იბერიას“ დაუპირისპირდა. შეხვედრა მინიმალური სხვაობით – 1:0 თბილისელთა გამარჯვებით დასრულდა, თუმცა სწორედ ამ მატჩში დაფიქსირდა ისტორიული კადრი – ხაშურელი რამაზ ნოზაძე, მეტსახელად „ბორა“, და მომავალი ვარსკვლავი თემურ ქეცბაია ორთაბრძოლაში.
ფოტო, რომელიც ამ მატჩიდან შემორჩა, ერთგვარი სიმბოლოა იმ პერიოდის ქართული ფეხბურთისა – რეგიონული კლუბების თავდადება და იმდროინდელი რეალობა, როცა მცირე დაფინანსებისა და რესურსების მიუხედავად, „ივერია“ ღირსეულად უპირისპირდებოდა ვარსკვლავურ შემადგენლობებს. ქეცბაიას გარდა, თბილისის გუნდში იმ მატჩში თამაშობდნენ გიორგი ნემსაძე, კახა ცხადაძე და სხვა ცნობილი ფეხბურთელები.
1990 წლის ჩემპიონატში 18 გუნდი მონაწილეობდა. მხოლოდ შვიდმა გუნდმა დაიტოვა ძველი სახელწოდება – მათ შორის იყო ხაშურის „ივერია“. დანარჩენმა კლუბებმა საბჭოური სახელები ქართულით შეცვალეს. თბილისის „დინამო“ კი „იბერია“ გახდა.
რამაზ ნოზაძემ კარიერა ხაშურში დაასრულა, ქეცბაიამ კი გზა ევროპულ კლუბებში გააგრძელა და „ანორთოსისში“, შემდეგ კი „ნიუკასლ იუნაიტედში“ თამაშით მსოფლიო მასშტაბით გაითქვა სახელი.