
ლეგენდარული ხაშურელი ფეხბურთელი, თენგიზ ოსაძე დაიბადა 1953 წლის 16 ოქტომბერს ხაშურში.ვარჯიში 9 წლისამ სპორტსკოლის საფეხბურთო სექციაში გრიგოლ ჯომართიძის და ჯემალ კიკნაძის ხელმძღვანელობით დაიწყო. ნახევარმცველი, თავდამსხმელი.
1970 წელს საქართველოს ჩემპიონატის პირველ ჯგუფში მოასპარეზე „ივერიაში“ ჩაირიცხა და მალევე გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა. მომდევნო წელს რესპუბლიკური პირველობის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეებს შორის დასახელდა.
1973 წელს „ივერია“ თენგიზ ოსაძის და პარტნიორების დიდი ძალისხმევით წარმატებით გამოვიდა საქართველოს თასზე, სადაც მხოლოდ ფინალური შეხვედრა დათმო ზუგდიდის „დინამოსთან“.
მომდევნო ორი სეზონი თენგიზმა თბილისის ასკ–ში გაატარა და ამ გუნდის შემადგენლობაში სსრკ შეიარაღებული ძალების ჩემპიონი და შემდეგ თასის მფლობელიც გახდა.
1976 წლის დასაწყისში დიდი პოტენციალის მქონე შუახაზელი თბილისის „დინამოში“ იხმეს, გუნდთან ერთად რამდენიმე ვარჯიშიც ჩაატარა, თუმცა შეკრებაზე გამგზავრების წინ, ყველასთვის მოულოდნელად, გათავისუფლება ითხოვა. დროის შემდეგ ძალიან ნანობდა ნაჩქარევ გადაწყვეტილებას და თავს მხოლოდ იმით ინუგეშებდა, რომ ძირითად შემადგენლობაში თამაშს, შესაძლოა, დაეგვიანებინა…
გოგი ანთაძის თხოვნით, მან საკავშირო მე–2 ლიგის ბათუმის „დინამოში“ გააგრძელა კარიერა და წელიწადნახევარი ალალად ემსახურა ზღვისპირულ კლუბს. 16 ბურთი გაიტანა და გაცილებით მეტი მის ზუსტ გადაცემებს მოჰყვა.
1977 წლის მეორე ნახევარში თენგიზ ოსაძე ჭიათურის „მაღაროელში“ გადავიდა, რომელმაც საქართველოს ჩემპიონატში მე–2 ადგილი დაიკავა, ხოლო მომდევნო ორი სეზონში არავის დაუთმო საქართველოს თასი. ჭიათურელთა ამ წარმატებებში დიდი იყო მათი კაპიტნის, თენგიზ ოსაძის წვლილი.
1980 წელს ის საკავშირო მე–2 ლიგის გორის „დილას“ შეუერთდა და იქაც საუკეთესოდ წარმოაჩინა თავი.
„დილადან“ წასვლის შემდეგ მას ქართულის გარდა, არაქართული გუნდებიც იწვევდნენ, თუმცა შვიდწლიანი განშორების შემდეგ მშობლიურ გუნდში დაბრუნება გადაწყვიტა და 8 სეზონი, სათამაშო კარიერის დასრულებამდე ხიბლავდა ხაშურელ ქომაგებს თავისი ოსტატობით. ამ პერიოდში „ივერიისთვის“ 70–მდე ბურთი გაიტანა.
გასახსენებელია 1984 წელი, როცა ხაშურის საფეხბურთო ცხობვრებაში ღირსაღსანიშნავი ამბავი მოხდა. თენგიზ ოსაძე და მისი თანაგუნდელები ოდესის ოლქის დაბა ტატარბუნარიდან იქაური სოციალისტური შრომის გმირის, ვასილი ტურის სახელობის საკავშირო ტურნირიდან გამარჯვებულები დაბრუნდნენ.
ოსაძემ 35 წლის ასაკში დაანება თამაშს თავი, თუმცა ფეხბურთის სამსახურში დარჩა.
1989 წელს გახლდათ „სურამის“ უფროსი მწვრთნელი. შემდგომში „ივერიის“ გაწვრთნაში ეხმარებოდა ვლადიმერ ხაჩიძეს, მერაბ კოჭლაშვილს, მალხაზ ლაცაბიძეს, თავადაც უძღვებოდა გუნდს. ბოლო წლები „ივერიის“ გუნდის უფროსია.
2016 წელს ვეტერან ფეხბურთელს ქალაქის სპორტულ ცხოვრებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის ხაშურის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.