
21 წლის აკო გელაშვილი უკვე ბევრისთვის ცნობილია, როგორც ენერგიული და ემოციური სტადიონის დიქტორი. ის პირველად ხაშურის „ივერიას“ საშინაო მატჩებზე ასრულებდა ამ საქმიანობას, ახლა კი საფეხბურთო კლუბ „ორბის“ შეხვედრებს ახმოვანებს.
განსაკუთრებულად დასამახსოვრებელია აკოს ხმა გოლების დროს — მისი ემოციური გამოცხადებები ხშირად ხვდება სოციალურ ქსელებში და გულშემატკივრებსაც დიდხანს არ ავიწყდებათ.
პოპულარულმა ქართულმა გამოცემა Geo Team-მა კი გელაშვილი იტალიური „ნაპოლის“ ცნობილ დიქტორს, დეციბელ ბელინის შეადარა, როცა ხაშურში „ივერიას“ ერთ-ერთი მატჩი მოინახულა და აკოს გამოსვლა მოისმინა.
აკომ ადრე ფოტოსურათი გამოაქვეყნა Geo Team-ის ავტორთან, საბა საპანაძესთან. ამ ფოტოს კომენტარებში Geo Team-მა აკოს “დეციბელი” უწოდა, რასაც თავად ნაპოლის ლეგენდარულმა დიქტორმა ლაიქით უპასუხა.
შესაძლოა, ეს მხოლოდ პატარა დეტალია, მაგრამ ხაშურელ დიქტორს უკვე საერთაშორისო აღიარების მცირე ტალღაც მოჰყვა – ხმამაღალი სტარტით!