
იცოდით, რომ ერთ-ერთი ლეგენდარული მეკარე, რომელიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობდა, წარსულში ხაშურის „ივერიაში“ თამაშობდა?
ნიკოლოზ ტოგონიძე – ყოფილი ეროვნული გუნდის გოლკიპერი და პირველი ქართველი მეკარე, რომელმაც საქართველოს ნაკრებში 354-წუთიანი „მშრალი“ სერია ჩაატარა. სწორედ მან დაამკვიდრა ფეხით თამაშის თანამედროვე სტილი, რაც იმ დროისთვის მეკარეთა შორის იშვიათი იყო.
ტოგონიძე ხაშურის „ივერიაში“ 1991 წელს ირიცხებოდა და რაც ყველაზე საინტერესოა – იმ პერიოდში არა მხოლოდ მეკარის, არამედ სხვა პოზიციაზეც თამაშობდა. საქართველოს ჩემპიონატში მან ათამდე შეხვედრა საყრდენ ნახევარმცველად ჩაატარა. კარიერის განმავლობაში ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 12 გოლის გატანაც მოახერხა, მათ შორის – 7 პენალტიდან ყველა უპრეცედენტოდ ზუსტად გამოიყენა.
188 სმ სიმაღლის ტოგონიძეს კარიერა ფართო იყო და მრავალ კლუბს მოიცავდა: რუსთავის „მეტალურგი“ (1987–1989), „გორდა“ (1990), გორის „დილა“ (1991), ხაშურის „ივერია“ (1991, 1995), ბათუმის „დინამო“ (1995–2000), ქუთაისის „ტორპედო“ (2000–2001, 2001–2002), რუსული „ტომი ტომსკი“ (2001) და კვლავ „დინამო ბათუმი“ (2002–2003).
ნიკოლოზ ტოგონიძემ ეროვნულ ჩემპიონატში 222 მატჩი ჩაატარა (8-ჯერ მოედანი მეკარის გარდა სხვა პოზიციაზე დაიკავა), 231 გოლი გაუშვა და 84 შეხვედრაში კარის მშრალად შენახვა შეძლო. ასევე ითამაშა საქართველოს თასზე 44 მატჩი, გაიტანა 4 გოლი და ორჯერ გახდა თასის მფლობელი (1998, 2001). 2001 და 2002 წლებში მან საქართველოს ჩემპიონობაც იზეიმა, ხოლო 1998 წელს – სუპერთასი მოიგო.
ნაკრებში დებიუტი 1996 წლის 6 მაისს, საბერძნეთთან გამართულ შეხვედრაში ჰქონდა, რომელიც „ჯვაროსნებმა“ 2:1 დათმეს. ტოგონიძემ ეროვნული ნაკრების რიგებში 11 მატჩი ჩაატარა და 18 გოლი გაუშვა.
მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლოზ ტოგონიძე რუსთავშია დაბადებული, ცხოვრების დიდი ნაწილი ხაშურს უკავშირდება. მისი ოჯახი ამ დრომდე ხაშურში, „ივერიის“ სტადიონის მიმდებარედ ცხოვრობს. თავად ვეტერანი მეკარე ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.
ნიკოლოზ ტოგონიძე ერთ-ერთი იმ იშვიათი ფეხბურთელია, ვინც ხაშურის „ივერიაში“ თამაშობდა და შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავდა – მის სახელს ქართული ფეხბურთის ისტორიაში ღირსეული ადგილი უკავია.