
გაზეთ “სარბიელის” ინტერვიუ 1996 წლის 16 თებერვალს, ხაშურის “ივერიას” მთავარ მწვრთნელთან, მალხაზ ლაცაბიძესთან. 👇
ახალგაზრდები ჯაგას ვერაფერს გამოაპარებენ.
მალხაზ ლაცაბიძე ხაშურის „ივერიის“ მთავარ მწვრთნელად დანიშნესო, უკვე გაუწყეთ. ახლა თავად ახალბედა მწვრთნელს მოვუსმინოთ. ისეთს, როგორიც „ჯაგაა“, სათქმელი ნამდვილად ექნება, მას ხომ საქართველოს ლამის ყველა გუნდში უთამაშია.
საფეხბურთო კარიერა თბილისის „დინამოს“ დუბლებში დაიწყო, მერე იყო ფოთის „კოლხეთი“, ერთი ხანობა — ფიზკულტურის ინსტიტუტის გუნდიც, იქიდან ჯარში უკრეს თავი და გაამწესეს ბაქოში, სადაც იქაურ არმიელთა გუნდში აბურთავეს, შემდეგ ისევ
თბილისი, გორი და ასე შემდეგ. ამასობაში ბევრმა წყალმა ჩაიარა, ეროვნულმა ჩემპიონატმაც მოატანა და მალხაზმა შვიდივეში მიიღო “მონაწილეობა…
საკმაოდ ბევრი ვითამაშე, ასაკმაც მიწია, ძველებურად ვეღარ ვირჯებოდი მინდორზე და წასვლა გადავწყვიტე. ფეხბურთს საბოლოოდ ვერ მივატოვებდი და როცა ჩემსავე გუნდში „ივერიაში“ მწვრთნელობა შემომთავაზეს დავთანხმდი. ვთვლი, რომ როგორც ფეხბურთელმა, ჩემი შესაძლებლობები სრულად ამოვწურე.
- მეტსახელი ,ჯაგა“ რატომ შეგერქვა?
– „ჯაგას“ ბავშვობიდან მეძახდნენ, მერე კი, 1979 წლიდან ლამის მომეწება. მაშინ „დინამოს“ დუბლებში ვთამაშობდი. გეხსომებათ, მაშინ „დინამო“ ქუხდა, ჩემპიონობაც ახალი მოპოვებული ჰქონდა.მახსოვს, მაშინდელ სამტრედიის „ლოკომოტივს“ ვეთამაშებოდით დუბლები.
აბა, I7 წლის ლაწირაკის ვინაობა ვის ეცოდინებოდა. ვიღაცას უკითხავს, ეს ბიჭი ვინ არისო. პასუხი ასეთი მიუღია – ეს ხომ
ჯაგაა, ლაცაბიძეო. ეს იყო და ეს, მას შემდეგ ყველა ახლობელი ამ სახელს მეძახის.
– შენ მსაჯებთან „ტკბილმოუბრობითაც“ ხარ ცნობილი. დავიჯერო, ასე გძულს
ეს ხალხი?
- სიძულვილი არაფერ შუაშია, ბუნებით ემოციური ვარ. ბოლო წლებში კი ჯანიც არ მერჩოდა ისე, როგორც მსურდა და ალბათ ამიტომაც მეჩვენებოდა, თითქოს მსაჯები სცოდავდნენ. სინამდვილეში, რა თქმა უნდა, სხვაგვარად იყო. ამ ხალხის მიმართ საბოდიშო და სამადლობელი ბევრი მაქვს, საპრეტენზიო ნამდვილად არაფერი გამაჩნია.
– ვაი თუ, ისევ ძველისკენ გაგიწიოს გულმა?
- მე რომ ვცდებოდი, რაც მერე სამართლიანად მიხდებოდა საწამებლად, იმას არ ნიშნავს, რომ ჩემმა მოთამაშემ იგივე გაიმეოროს. „ივერია“ ახლა ახალგაზრდული გუნდია, ახალგაზრდები კი ვერაფერს გამომაპარებენ. გუნდში უმკაცრესი დისციპლინა დამყარდება, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ფეხბურთელს მინდორზე მხოლოდ ბურთის თამაში ევალება და არა მსაჯთან კამათი. ვისაც ეს აზრი არ მოსწონს, ახლავე შეუძლია გუნდიდან წასვლა. მერწმუნეთ, ეს ალალი და მართალი სიტყვებია და არა მგონია, გამიჭირდეს ამის გაკეთება.
– მართალია, ბურთს კარგა ხანი სდიე, მაგრამ მწვრთნელობა სხვა საქმე: როგორ გგონია, გაართმევ თავს ახალ მოვალეობას?
– ოთხი წელი ვითამაშე ნოდარ ახალკაცის ხელმძღვანელობით და როგორ გგონიათ, ეს ცოტაა? ამას ის მწვრთნელებიც დაუმატეთ, რომლებთანაც სხვადასხვა დროს ვთამაშობდი, ბოლოს მერაბ კოჭლაშვილი ავარჯიშებდა „ივერიას“. მასთან მუშაობამაც ბევრი შემძინა, ჩინებული პეციალისტია. თუ ყველაფერ ამას მიღებულ გამოცდილებასაც დავუმატებთ, რაღაც დაგროვდება. მართალია, თავიდან შეიძლება გამიჭირდეს, მაგრამ ეს ხომ კანონზომიერია. მზად ვარ ვისწავლო, ვიმუშაო, მერე და მერე კი გამოვიწვრთნები.
– ახლა ,,ივერიას“ ამბებზე გვითხარი.
რამდენი ფეხბურთელი წავიდა?
– გვარამაძე, გეგეჭკორი, იობაშვილი, მაქაცარია, ქობელაშვილი…
– კი მაგრამ, ეს ხომ ნახევარი გუნდია, თანაც ყველა გამოცდილი და კარგი მოთამაშე. მათ ნაცვლად ვინ მიიღეთ?
– ახლა 12 კაცს ვსინჯავთ. მათ გვარებს შეგნებულად არ დავასახელებ. მათი ჩვენთან დარჩენა-არდარჩენის საკითხი 20 თებერვალს გადაწყდება…
– მეორე წრეში „ივერიას“ რა მიზნები
აქვს?
- მიზანი ერთადერთია პირველ ჯგუფში ადგილის შენარჩუნება, ვფიქრობ, ეს არ უნდა გაგვიჭირდეს.
– გუნდის ტაქტიკის შენეული ვარიანტი
უკვე მოიფიქრე?
- მეტოქეს გააჩნია. სათამაშო სქემას მათი სიძლიერის მიხედვით შევარჩევ. ზემოხსენებული ხუთეული გუნდიდან რომ არ წასულიყო, ნაკლები პრობლემებია გვექნებოდა, მაგრამ არა უშავს, როგორღაც გავძვრებით.
– მწვრთნელობასთან ერთად თამაშსაც
ხომ არ აპირებ?
არა. მოთამაშეობას გამოვემშვიდობე. ჩემი დრო წავიდა. სულაც არ მსურს, ახალგაზრდებს ხელი შევუშალო. შვიდივე ეროვნულ ჩემპიონატში გამოვსულვარ, მატჩებიც ბლომად მითამაშია და ბევრ ავ-კარგთან ერთად 32 გოლიც გამიტანია. არა მგონია, მცველისთვის ეს ცოტა იყოს. მოკლედ, დროა ასპარეზი სხვას დავუთმო.
– ერთი ხანობა დისკვალიფიცირებულიც კი იყავი..
– სრული სიმართლეა. როცა ყველაფერი გავაანალიზე, მივხვდი ჩემს შეცდომას და დანაშაული მოვინანიე, მერე ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ მომცა შანსი და სასჯელი ერთწლიანი პირობითი დისკვალიფიკაციით შემიცვალა. მაშინ ერთი ექსცესიც რომ მომსვლოდა, წასული იყო ჩემი საქმე. საბედნიეროდ, ყველაფერი წ
ნორმალურად დასრულდა. დამეჯერება და ერთ რამეს ვურჩევდი ახალგაზრდა ფეხბურთელებს: ყველაფერს ის სჯობს, თავიანთი საქმე აკეთონ ხეირიანად, სადაო საკითხებს კი გუნდის ხელმძღვანელობა გაარკვევს.
- „ივერიის“ გულშემატკივრებზე ვთქვათ: ხაშურში ხომ ბევრი ექსცესი მომხდარა, რასაც სასიკეთო ნამდვილად არაფერი მოაქვს.
- მე მგონი, პრობლემა არ უნდა იყოს. გუნდის და ფეხბურთელების ხათრით ყველაფერი მოგვარდება. გპირდებით, ხაშური ერთ-ერთი სამაგალითო და მისაბაძი გახდება ეროვნულ ჩემპიონატში.
– ფინანსურად ხელის გამმართავი თუ
გყავთ?
- კლუბის პრეზიდენტის თამაზ ბერიძის არყოფნაში, რომელსაც ავადმყოფობამ დარია ხელი, მერია გვმფარველობს. გამგებელი გივი ხვედელიძე და გამგებლის მოადგილე რევაზ მესხი დახმარებას შეგვპირდნენ. ასე რომ, გავფრინდებით მეთქი, არ ვიტყვი, მაგრამ ვიარსებებთ.
– გეზი გუნდის გაახალგაზრდავებაზე
აგიღიათ, შესაბამისად, ბავშვთა ფეხბურთს თუ მიექცევა გამორჩეული ყურადღება?
ხაშურში მოზარდებთან კარგი სპეციალისტი, მევლუდი ლომიძე მუშაობს, ამჟამად „ივერიაში“ ამ კაცის 8-9 აღზრდილი ირიცხება. ბავშვთა ფეხბურთს აქედანვე დიდ ყურადღებას მივაქცევთ. „ივერიაში“ ადგილობრივი ფეხბურთელები უნდა სჭარბობდნენ. სხვაგვარად გაგვიჭირდება.
ავტორი: მამუკა კვანტალიანი