
2000-იან წლებში აგარის “მეშაქრე” ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი გუნდი იყო. კლუბი, რომელიც ქვეყნის პირველ ლიგაში (რანგით მეორე დივიზიონი) ასპარეზობდა, არაერთხელ იყო ახლოს უმაღლეს ლიგაში გადასვლასთან – რამდენჯერმე ითამაშეს გადამწყვეტი პლეიოფები, თუმცა მიზნამდე ვერ მივიდნენ.
ამ პერიოდში “მეშაქრეში” მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ხაშურელმა ფეხბურთელებმა. გუნდში თამაშობდნენ გიორგი ჩადუნელი, ბორის დერევიანჩენკო, დავით ხაჩიძე, ილია გოგალაძე, რამაზ ხარშილაძე, გუტა ლომიძე და ზურა ლომიძე. კლუბის მთავარი მწვრთნელი კი ბადრი ტყემალაძე გახლდათ.
განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ მეკარე ბორის დერევიანჩენკო, რომელმაც “მეშაქრეს” მაისური წლების განმავლობაში ღირსეულად ატარა. ადგილობრივები დღემდე დიდი სითბოთი და სიყვარულით იხსენებენ მის თავდადებასა და ლიდერის თვისებებს.
სამწუხაროდ, დღეს აგარის “მეშაქრე” აღარ ფუნქციონირებს, თუმცა ის ეპოქა და იმ გუნდის ფეხბურთელები ადგილობრივ გულშემატკივრებს კვლავ გულით ახსოვთ.