
ცნობილი ქართული გამოცემა – “ლელო” სტატიას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ უმაღლესი ლიგის გუნდები დაბალ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებს უფრო აქტიურად უნდა დააკვირდნენ.
სტატიაში ნახსენებია ხაშურის “ივერიას” ფეხბურთელები, საბა ზაზიკაშვილი და სანდრო ხაჩიძე.
იხილეთ, რას წერს “ლელო” :
“იმთავითვე უნდა შევამზადოთ ჩვენი მკითხველი: ეს წერილი შედარებით ვრცელი გამოვა და რომ არ გამოვიდეს, სათქმელს ბოლომდე ვერაფრით ვიტყვით. წერილს კი ნიადაგი შეუმზადა ვახო ბედოშვილის ამბავმა – ბიჭი, რომელიც ცოტა ხნის წინ საქართველოს რანგით მეხუთე და მერე მესამე ლიგაში ასპარეზობდა, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში მოხვდა.
იმ პირობებში, როცა არ ჩანს უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ქართული კლუბების სწრაფად გაძლიერების რესურსი, ალბათ უპრიანია, მასმედიამ და ეროვნული ლიგის კლუბებმა მეტი ყურადღება მიაქციონ რანგით დაბალ ლიგებს. იქ არაერთი ისეთი ფეხბურთელია, რომელიც შანსის მიღების შემთხვევაში თავისუფლად ითამაშებს ეროვნული ლიგის კლუბებში.
არაერთხელ დაგვიწერია – ლეგიონერების საწინააღმდეგო ნამდვილად არაფერი გვაქვს, მაგრამ თუ ამ გეზს გავყვებით, მაშინ არაერთი საეჭვო საფეხბურთო მონაცემების უცხოელის გამოჩენას ავცდებით ეროვნულ ლიგაში.
შესაძლოა, კონკრეტულ შემთხვევაში ესა თუ ის დაბალლიგელი გუნდი ვერ ყოჩაღობდეს, თუმცა ჩვენი წერილის მიზანი ინდივიდების წარმოჩენაა.
შევეხებით ლიგა 2-ში, ლიგა 3-სა და ლიგა 4-ში მოასპარეზე პერსპექტიულ ფეხბურთელებს, რომლებიც საკუთარი თვალით გვინახავს. ცალკე თემად მოვიტოვებთ რეგიონულ ლიგას, რომელიც ჯგუფებად ტარდება, თუმცა აქვე დავწერთ, რომ საინტერესო ფეხბურთელები იქაც არიან…
ხაშურის “ივერიას” შემადგენლობაში ძალიან მოგვწონს შეტევისკენ მიდრეკილი ორი ფეხბურთელის, საბა ზაზიკაშვილისა და სანდრო ხაჩიძის თამაში.“