
დონეცკის “შახტარის” საკუთრებაში მყოფ ახალგაზრდა ქართველმა მცველმა, ლუკა ლაცაბიძე შესაძლოა, კარიერა კვლავ უკრაინის პრემიერ ლიგაში გააგრძელოს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დონეცკელები 21 წლის ფეხბურთელის იჯარით გაშვებას კრივოი როგის “კრივბასში” აპირებენ.
შეგახსენებთ, რომ ლაცაბიძემ გასული სეზონი იჯარით ოდესის “ჩერნომორეცში” გაატარა. ქართველმა მცველმა უკრაინის პრემიერლიგის 18 მატჩში ითამაშა და 1 საგოლე გადაცემაც მიითვალა. სამწუხაროდ, ჩერნომორეცმა ადგილი ვეღარ შეინარჩუნა და პრემიერლიგას გამოეთიშა. ლუკა კი კვლავ “შახტარის” განკარგულებაში დაბრუნდა.
ლაცაბიძე “დინამო თბილისის” აკადემიის აღზრდილია. დონეცკის გრანდმა ის 2023 წლის თებერვალში დაიმატა და ხელშეკრულება 2028 წლამდე გაუფორმა.
ლუკამ უკრაინული ფეხბურთი უკვე კარგად გაიცნო და ახლა, შესაძლოა, მეტ ამბიციებზე ორიენტირებულ “კრივბასში” გადავიდეს, რომელმაც გასულ სეზონში უკრაინის ჩემპიონატში მეხუთე ადგილი დაიკავა და აშკარად უკეთესი სეზონი ჰქონდა, ვიდრე “ჩერნომორეცს”.
ცნობილია ისიც, რომ ლაცაბიძე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა. მარტში ის ვილი სანიოლმა ეროვნულ ნაკრებშიც გამოიძახა სომხეთთან პლეი-ოფისთვის, თუმცა მოედანზე არ გამოჩენილა. სამწუხაროდ, ლუკა ამ ზაფხულს ევრო 2025-ს ტრავმის გამო გამოტოვებს და რამაზ სვანაძის გუნდს სლოვაკეთში ვერ დაეხმარება.