
20 წლის ცენტრალური თავდამსხმელი, საბა ზაზიკაშვილი, ამ ეტაპზე ხაშურის “ივერიას” ბომბარდირია – მიმდინარე სეზონის 11 ტურის შემდეგ მის ანგარიშზე 5 გოლია.
საბას კარიერა იშვიათად ნანახი ტრანსფორმაციით დაიწყო – თავდაპირველად ის ცენტრალური მცველი იყო, თუმცა “ივერიას” მწვრთნელმა, ზურა ლომიძემ მისი შეტევითი პოტენციალი დაინახა და ფორვარდად დააყენა. ზაზიკაშვილი ბურთს საკუთარ საჯარიმოში იღებდა და შეტევას იწყებდა – რაც დროთა განმავლობაში გოლებით დაგვირგვინდა. ასე დაიბადა ივერიას მანქანა.
ფეხბურთის საწყის წლებში საბა გორის “დილას” და ხაშურის “ივერიას” აკადემიებში იზრდებოდა, სადაც მის თანაგუნდელებს შორის ნიკა გაგნიძეც იყო.
პროგრესის წელი – 2021
რეგიონული ლიგიდან პირდაპირ ლიგა 2-ის “რუსთავში” აღმოჩნდა – სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი. ამხანაგურებში აქტიური და შედეგიანი იყო, თუმცა ოფიციალურ შეხვედრებში მცირე სათამაშო დრო ჰქონდა. მიუხედავად ამისა, მაინც შეძლო გატანა.
დაბრუნება და ტრაგედია – 2022
“ივერიაში” დაბრუნებულმა სტარტი შესანიშნავად აიღო – ერთ-ერთ მატჩში ახალციხის “სამცხეს” ჰეთ-თრიქიც გაუკეთა. მაგრამ პირველი წრის მიწურულს ფეხზე მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც დაახლოებით 1.5 წელი გამოტოვა.
ფენიქსივით აღდგომა – 2024
ტრავმის შემდეგ დაბრუნებულმა რეგიონულ ლიგაში 17 გოლი გაიტანა – შთამბეჭდავი ციფრი, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ სეზონის განმავლობაში ძველი ტრავმა რამდენჯერმე ისევ შეაწუხა.
ზაზიკაშვილის პლიუსები:
ორი ფეხით ძლიერად და ზუსტად ურტყამს;
შორიდან გოლების გატანა შეუძლია;
აქვს კარგი დრიბლინგი და ბურთის ფლობის უნარი;
თავით თამაშშიც ძლიერია;
გამუდმებით აპრესინგებს მეტოქეს – მებრძოლი, ენერგიული და თავხედი მოედანზე;
მოულოდნელი გადაწყვეტილებები მისი სტილია.
სტილი:
საბას თამაშში ხშირად იგრძნობა ქუჩის ფეხბურთის ელემენტები. სწორედ ამიტომ ჰგავს ბრაზილიელ რონალდოს – “კიჭა” მისი სტილის ნათელი ანარეკლია.
შედეგები ამ ეტაპზე:
მეოთხე ლიგის 11 ტურის შემდეგ საბა ზაზიკაშვილი ხაშურის “ივერიას” ბომბარდირია – 5 გოლით.