
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება. ტურნირის მესამე საშეჯიბრო დღეს კაცები – 73 კგ წონით კატეგორიაში, ხოლო ქალები 57 კგ-ში გამოვლენ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ლაშა შავდათუაშვილი, ეთერ ლიპარტელიანი და ნინო ლოლაძე იასპარეზებენ. შავდათუაშვილი და ლიპარტელიანი ასპარეზობას მეორე წრიდან დაიწყებენ, ხოლო ლოლაძე პირველივე წრეში მიიღებს მონაწილეობას.
ლაშა შავდათუაშვილი პირველ შეხვედრას ბულგარელ მარკ ჰრისტოვთან გამართავს, ეთერ ლიპარტელიანი სამხრეთკორეელ იუჰეე კიმს დაუპირისპირდება, ხოლო ნინო ლოლაძის მეტოქე შვეიცარიელი ბინტა ნდიაიე იქნება.
ტურნირზე წინასწარი ორთაბრძოლები თბილისის დროით 13:30 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13 ივნისს დაიწყო და საქართველოს ნაკრებს ჯერ მედალი არ აქვს.
2024 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც აბუ დაბიში ჩატარდა, საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩემპიონები გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) გახდნენ. გურამ თუშიშვილმა – (+100 კგ) ვერცხლის, ხოლო ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.