
ნიკოლოზ ტოგონიძე, რომელიც ხაშურის “ივერიაში” თამაშობდა, ერთხელ, 1994 წელს საქართველოს უმაღლესი ლიგის მეხუთე ტურის მატჩში, რუსთავის “მეტალურგთან” ორიდან ორივე თერთმეტმეტრიანი აიღო. სხვათაშორის ეს შეხვედრა “ივერიამ” 2-0 მოიგო.
ეს მატჩი ხაშურში გაიმართა და მრავალი ერთგული გულშემატკივარი ესწრებოდა.
ერთ-ერთი იყო ლადო გოგოლაძე, რომელმაც ნიკოლოზ ტოგონიძის მოგერიებული თერთმეტმეტრიანები ახლა, ჩვენთან საუბარში გაიხსენა:
“8 წლის ვიყავი, მახსოვს ტრანსპორტი არც დადიოდა და სურამიდან ფეხით წავედით თამაშზე. ბაბუამ წამიყვანა. მამა, გოგი გოგოლაძე აცხადებდა ხოლმე შემადგენლობებს და კომენტატორის ჯიხურიდან ვუყურე თამაშს. პირველი ტაიმის ბოლოს გიორგი ჩადუნელმა გაიტანა საოცარი გოლი, კუთხურის ხაზიდან მოჭრილი დარტყმით. იშვიათად მინახავს ეგეთი ლამაზი გოლი და ცუდია რომ მაგ გოლის ვიდეო არ არსებობს. უკვე სრულდებოდა თამაში და ჩვენ კარში დანიშნეს პენალტი, მახსოვს მამამ თქვა ნიკა ძალიან მაგარია აიღებსო, მართლაც ნიკამ მოიგერია პენალტი, თუმცა ზუსტად ორ წუთში მეორე პენალტი დანიშნა მსაჯმა, მაგრამ კარში ნიკა ტოგონიძე იდგა, რომელსაც იმ დღეს ისე წაუვიდა თამაში, იმ წლის მსოფლიო ჩემპიონატი საუკეთესო ფეხბურთელი რომარიო რომ მდგარიყო პენალტის ნიშნულთან, იმასაც არ გაატანინებდა გოლს და ეს მეორე პენალტიც მოიგერია. სახლში ისევ ფეხით დავბრუნდით, ეგეთი დრო იყო, არაფერი მოძრაობდა, მაგრამ გზაში სალაპარაკო გვქონდა – დიდი რომ გავხდებოდი, თუ მეკარე ვიქნებოდი, აუცილებლად ნიკა ტოგონიძე უნდა გამოვსულიყავი. მაგარი გუნდი იყო ჩვენი “ივერია”, გივი ქობელაშვილი საქართველოს ჩემპიონატში ერთ-ერთი გამორჩეული თავდამსხმელი. ძალიან მაგარი ნახევარმცველი, გორელი, როინ მარღიშვილი და სხვები”.
ცნობისთვის, ხაშურის “ივერიიდან” წასვლის შემდეგ ნიკოლოზ ტოგონიძე მალევე საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს.