
სურამის რაგბის გუნდი „მგლები“ 2013 წელს კახა აბრამაშვილმა დააფუძნა. მისი თქმით, სურამში არსებულ სტადიონზე ერთ დროს ბუჩქნარი იყო, ახლა კი ბავშვები რაგბის თამაშობენ.
კახა აბრამაშვილი 5 წელი ხაშურის გუნდის კაპიტანი იყო და საქართველოს ჩემპიონატში თამაშის გამოცდილება ცხადია აქვს. უკვე 10 წელზე მეტია კი სურამელ ბავშვებს ავარჯიშებს და სამშობლოს მორაგბეთა თაობებს უზრდის.
წლების განმავლობაში „მგლებს“ არც გასახდელი ჰქონდათ, ცხელ წყალზე კი ოცნებაც ზედმეტი იყო, თუმცა რამდენიმე წლის მერე პრობლემები ეტაპობრივად მოგვარდა, გაკეთდა საშხაპეები, შეიღობა მოედანი, მოწესრიგდა საფარი.
სასიხარულო ფაქტი კი ისაა, რომ დაბა სურამში თანამედროვე ევროპული სტანდარტების სარაგბო მოედნის მშენებლობა მალე დასრულდება. პროექტი ითვალისწინებს დაზიანებული ტრიბუნების დემონტაჟს, სადრენაჟე სისტემის გაკეთებასა და საფარის დაგებას, ასევე გასახდელების რეაბილიტაციას.
ამ და სხვა ბევრ საინტერესო თემაზე სურამის „მგლების“ დამფუძნებელს, კახა აბრამაშვილს ვესტუმრეთ და მცირე ინტერვიუ ჩავწერეთ.
– როდის და რატომ გაგიჩნდათ იდეა, რომ რაგბის გუნდი შეგექმნათ?
მე თვითონ ვთამაშობდი რაგბის წლების განმავლობაში, ვიყავი ხაშურის გუნდის კაპიტანი 5 წელი, რა დროსაც გამოვდიოდით საქართველოს ჩემპიონატში. 90-იან წლებში ქვეყანაში არსებული მძიმე ფონის გამო თამაშს თავი დავანებე. იმის შემდეგ გავიდა დრო და ამ სპორტის სიყვარულიდან გამომდინარე სურამში 2013 წელს გუნდი შევქმენი.
– თქვენი აღზრდილი მორაგბეები საქართველოს სხვდასხვა გუნდებში თამაშობენ. გვითხარით მათ შესახებ.
ყველაზე წარმატებული ბაქარ ზედგინიძეა, რომელიც რუსთავის „ხარებში“ თამაშობს, შარშან საქართელოს ჩემპიონი გახდა. კიდევ რამდენიმე ბიჭი გავუშვით სურამიდან, მაგალითად, ნიკა ჩინჩალაძე ქუთაისის „აიაში“, ლადო იმერლიშვილი, გიორგი ლაბაძე, გიორგი სისვაძე, სანდრო გოგუაძე კიკეთის „იუნკერებში“.
-არაფრისგან შექმენით ყველაფერი, რა სირთულეებს გადააწყდით გუნდის შენების პროცესში?
უამრავ პრობლემას გადავაწყდი. როცა ამ სტადიონზე მოვედი, ფაქტობრივად არანაირი ინფრასტრუქტურა არ არსებობდა: არ იყო გასახდელები, საშხაპეები, საფარის ადგილას ბუჩქნარი იყო გაველურებული. შრომით, ერთიანობით, მეგობრებისა და მუნიციპალიტეტის გვერდში დგომით რაღაც დონემდე მივედით.
– ამჟამად, რა ასაკობრივებს ავარჯიშებთ?
70 ბავშვი გვყვავს, მათ შორის გოგონებიც. „მგლებში“ ირიცხებიან 13 და 15 წლამდელთა ბიჭები, ასევე წელს გოგონების გუნდსაც ვაკეთებთ.
-რატომ დაარქვით გუნდს “მგლები“?
როდესაც გუნდი დავაფუძნე, თავიდან დაახლოებით 25 ჭაბუკი მყავდა. ერთ დღეს ბიჭებს ვკითხე, თუ რა სახელით გვეასპარეზა საქართველოს ასაკობრივ ჩემპიონატში და ერთ-ერთმა თქვა, რომ „მგლები“ ვყოფილიყავით…
-საკურორტო ადგილმდებარეობით სურამი გამორჩეულია. რაში წარადგება ეს გუნდს, როცა გამართული ინფრასტრუქტურა გექნებათ?
კარგი მოედნის შემთხვევაში სურამში ძალიან ბევრი გუნდი ჩამოვა შეკრებაზე, როგორც ქართული, ისე ევროპული, რადგან დაბა სურამი საკურორტო ზონაა. სტადიონის აშენება ძალიან დიდ განვითარებას შემოიტანს ამ დასახლებაში.
-როგორც ვიცი ფრანგულ რაგბის კარგად იცნობთ, გაქვთ იქ საქმიანი ურთიერთობები?
საფრანგეთში მაქვს კონტაქტი „ლიონის“ ხელმძღვანელობასთან, სადაც თამაშობენ დავით ნინიაშვილი, ბექა საღინაძე. ასევე, ვიცნობ სემი რადრადრას, რომელიც ფიჯელი რაგბის ვარსკვლავია. „ლიონის“ თამაშებს ხშირად ვესწრები. მალე მემორანდუმს გავაფორმებ ამ გუნდთან და სურამელ ბავშვებს საფრანგეთში წავიყვან და იქ მოთამაშე მორაგბეებს გავაცნობ.
-სურამის „მგლების“ საბოლოო მიზნები გვითხარით…
დიდი 10-ში ასპარეზობა. (საქართველოს ჩენმპიონატის უმაღლესი ლიგა)